უნგრეთი-შვედეთი

ორბანის თქმით, უნგრეთი შვედეთთან თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებს

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი შვედეთთან თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში ახალ შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ ორბანმა შვედეთის პრემიერმინისტრ, ულფ კრისტერსონთან შეხვედრის წინ ისაუბრა.

"ჩვენ განხილვის პროცესში მყოფ ყველა საკითხს დავასრულებთ და ხელს მოვაწერთ თავდაცვითი ინდუსტრიის სფეროში შეთანხმებას, რომელიც, უნგრეთის ზომიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულია და ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ მიზნებს სამხედრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით" – თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა. 

დღეს, 23 თებერვალს ორი ქვეყნის პრემიერმინისტრები ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, სადაც საერთო პრესკონფერენციას გამართავენ. შეხვედრა ძირითადად დაეთმობა უნგრეთის მიერ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების საკითხს. 

20 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება, შესაძლოა, მომდევნო კვირას მოახდინოს. 

ფიდესის საპარლამენტო ლიდერმა პარლამენტის თავჯდომარეს წერილი მიწერა, სადაც წერს, რომ მმართველი პარტია მზად არის მხარი დაუჭიროს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას და მოითხოვს, ხმისმიცემა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს, ანუ 26 თებვერვალს შედგეს. 

შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო 18 თვე გახანგრძლივდა. თურქეთმა რატიფიცირების გადაწყვეტილება 24 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას NATO-ში შვედეთის გაწევრიანებაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ორბანის თქმით, იგი მან ასევე მოუწოდებს უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხელი მოაწეროს NATO-ში შვედეთის მიღების პროტოკოლს.

 

კომენტარები