საქართველო-ჩინეთი

ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, 2024 წლის 22 თებერვალი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერი, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის "მჭიდრო ურთიერთობებს" და სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობას. ამასთან, კობახიძემ ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერა გამოხატა, მხარეებმა კი ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

"მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

ხაზი გაესვა საქართველოს პარლამენტსა და ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესს შორის თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორივე საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები, რაც აფართოებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა". - წერს მთავრობის ადმინისტრაცია.

კომენტარები