ესტონეთი

რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა, ამით ვერ შემაშინებენ – კალასი მასზე ძებნის გამოცხადებაზე

Ints Kalnins/Reuters

ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი რუსეთის მიერ მასზე ძებნის გამოცხადებას გამოხმაურა. კალასის თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯით მის დაშინებას ცდილობს. 

"ამის მიზანია ჩემი დაშინება და უარი მათქმევინოს იმ გადაწყვეტილებებზე, რასაც ჩვეულებრივ დროს მივიღებდი. ეს რუსეთის ჩვეული ტაქტიკაა. არაფერი გასაკვირი არაა და ჩვენ ამის არ გვეშინია" – თქვა ესტონეთის პრემიერმინისტრმა Reuters-თან. 

კაია კალასი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია ევროპელ ლიდერთა შორის. ამასთან ერთად, 2023 წლის ნოემბერში კალასმა გამოთქვა სურვილი, გახდეს NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი, მას შემდეგ, რაც იან სტოლტენბერგი დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას. 

კაია კალასი ასევე განიხილება ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე. 

კალასის თქმით, რუსეთი მასზე ძებნის გამოცხადებით ცდილობს მისი კანდიდატურა წარმოადგინოს როგორც "რუსეთისთვის პროვოკაცია", რაც ხელს შეუშლის მის მაღალ თანამდებობაზე არჩევას. 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერმინისტრი სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით ძებნილთა სიაში 13 თებერვალს შეიყვანა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია რუსეთის შსს-ს ძებნილთა ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი, ტაიმარ პეტერკოპიც.

კაია კალასი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია დასავლელ ლიდერთა შორის. ამასთან ერთად, 2023 წლის ნოემბერში კალასმა გამოთქვა სურვილი, გახდეს NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი, მას შემდეგ, რაც იან სტოლტენბერგი დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას. 

 

კომენტარები