ვაკის პარკის საქმე

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებულ მერიის თანამშრომელს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

თბილისის მერია

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, გიორგი ვახტანგაშვილს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ მიიღო. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.

ვახტანგაშვილი ამ დრომდე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პატიმრობაში 1 წლისა და 4 თვის განმავლობაში იმყოფებოდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივმა საბჭომ გიორგი ვახტანგაშვილის საქმე განიხილა და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზე ნაკლებად მძიმე, გაუფრთხილებელი დანაშაული იყო, კომისიამ მიიჩნია, რომ ყველა კრიტერიუმი არსებობდა, რათა ვახტანგაშვილის მიმართ გამოყენებული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეცვლილიყო. სასჯელის დარჩენილ ნაწილს ის ელექტრონული სამაჯურით მოიხდის". - თქვა ვახტანგაშვილის ადვოკატმა.

გიორგი ვახტანგაშვილი 2022 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს.


2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში შესულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ექიმის ცნობით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს.

12 ოქტომბერს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა.  მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა – დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა. 

ევროპული საქართველოს წევრის, ბესიკ დონაძის მიერ გავრცელებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს გრინსერვისისგან 26 აგვისტოს ჩაიბარა. დოკუმენტს თბილისის მერიის მხრიდან ხელს აწერს გარემოს დაცვის სამოქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და ამავე სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი, ხოლო შემსრულებელი კომპანიის მხრიდან გრინსერვისის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. დოკუმენტში წერია, რომ მერიის საქალაქო სამსახურმა სარეაბილიტაციო სამუშაოები ინსპექტირების ორგანოს, მშენექსპერტის ანგარიშით დადასტურების შემდეგ ჩაიბარა.

კომენტარები