დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთის საგარეო: აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანი საზღვარზე სიტუაციის ესკალაციისთვის საბაბს ეძებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, ჩაშალოს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და უსაფრთხოებით დაინტერესებული მოთამაშეების ძალისხმევა, რომ განახლდეს მოლაპარაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით.

"მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია სამხედრო პროვოკაციებისკენ. მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯებისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს". - წერია უწყების განცხადებაში.

მანამდე, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ "შურისძიების ოპერაცია" ჩაატარეს. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა მათ პროვოკაცია მოუწყვეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ქმედებებს ემსხვერპლა 4 სომეხი ჯარისკაცი. აქამდე წერდნენ, რომ დაიღუპა 2 სამხედრო. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 10:16-ზე წერდა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათი მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს. რაც შეეხება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სომეხმა სამხედროებმა გასულ საღამოს მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, სომხეთის თავდაცვის უწყება დეზინფორმაციას უწოდებს. აქამდე წერდნენ, რომ შემთხვევას გამოიძიებდნენ და დაადგენდნენ, რომელიმე სამხედრომ ბრძანება ხომ არ დაარღვია.

უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მსგავსი შეტაკებები, რომლებიც გასულ წელს ხშირი იყო, არ მომხდარა.

კომენტარები