აშშ-ისრაელი

ნეთანიაჰუ: აშშ-ს პასუხი 7 ოქტომბრისნაირ თავდასხმაზე მინიმუმ ისრაელივით ძლიერი იქნებოდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი აზრით, აშშ-ს პასუხი 7 ოქტომბრისნაირ თავდასხმაზე მინიმუმ ისრაელივით ძლიერი იქნებოდა. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ მაშინ ისაუბრა, როცა კომენტარს აკეთებდა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომ ისრაელის ომი ღაზაში საზღვრებს გასცდა. 

ნეთანიაჰუს მტკიცებით ღაზაში სამოქალაქო პირებისა და სამხედროების სიკვდილის თანაფარდობა 1:1-ზეა. ნეთანიაჰუმ Fox News-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის ვერ ხვდება, რას გულისხმობს ბაიდენი, როდესაც ამბობს, რომ ისრაელის ომი ღაზაში გადაჭარბებულია და საზღვრებს გასცდა. 

"ჩვენ თავს დაგვესხნენ ყველაზე მძიმე თავდასხმით ჰოლოკოსტის შემდეგ. 7 ოქტომბრის თავდასხმა 29 11 სექტემბრის თავდასხმის ტოლფასი იყო" - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ამ ინტერვიუს შემდეგ 11 თებერვალს ბენიამინ ნეთანიჰუმ და ჯო ბაიდენმა ერთმანეთთან ტელეფონით ისაუბრეს. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის და აშშ-ს პირველი პირების სატელეფონო საუბარი ძირითადად ღაზის სექტორში დატყვევებულ მძევლებს შეეხებოდა.

კომენტარები