ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში თემურ კარბაიას მკვლელობაზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს.

დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის დევნა ჯამში 3 პირის მიმართ არის დაწყებული, კაპიტან ალბერტ ზარაკუას, ლეიტენანტ ვიანორ აბშილავას და უმცროს ლეიტენანტ დავით კვეკვესკირს ბრალად ედებათ ჯგუფის მიერ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ძალადობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

ე.წ. პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ  2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თემურ კარბაია იძულებით მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეების არყოფნის პირობებში, უკანონოდ გაჩხრიკა.

"შემოწმების ბოლოს კარბაიამ კვეკვესკირის მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის შემდეგაც კვეკვესკირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ დროს სამორიგეო განყოფილებაში შევიდნენ ზარაკუა და აბშილავა, რომლებიც კვეკვესკირთან ერთად, კარბაიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებითა და ფეხებით სცემეს, შედეგად კი კარბაიას სხეულის დაზიანებები მიაყენეს. კარბაიამ ტრავმა მიიღო გულმკერდის არეში, ჰქონდა ოთხი ნეკნის მოტეხილობა და მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოების სისხლჩაქცევები". - წერია განცხადებაში.

დე ფაქტო პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ კარბაია  დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ის გათავისუფლებამდე, 2023 წლის 7 დეკემბრამდე იმყოფებოდა. 9 დეკემბერს კი კარბაია სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ის ერთი დღის ადრე, გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. მანამდე მარიონეტული რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ კარბაია "პრევენციული საუბრის შემდეგ" გაათავისუფლეს.

თემურ კარბაიას მკვლელობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები