კრიმინალი

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულსა და მის ძმას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ტვ პირველი

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილსა და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ. ბრალდებულის ადვოკატის, ელდარ გვალიას თქმით, მათ სასამართლოსთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით არ მიუმართავთ, რადგან ორველაშვილი მის გადახდას ვერ შეძლებდა.

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს ამ დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ გვქონდა... მე გიორგი ორველაშვილთან გუშინ შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს არ აქვს ამის საშუალება". - თქვა გვალიამ.

საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის თქმით, პროცესზე დადასტურდა, რომ მკვლელობის მოტივი ბიძაზე შურისძიება იყო.

"ახალი გარემოება, რაც დღეს პროცესზე თავად ბრალდებულმა გიორგი ორველაშვილმა გააჟღერა იყო, რომ მის ოჯახში ინახებოდა ორი თოფი, ერთი რომელიც გოგიტა ორველაშვილის სახელზე იყო რეგისტრირებული და რომლითაც დანაშაული ჩაიდანა და მეორე, რომელიც არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული და არის გაუფორმებელი თოფი. ამ თოფთან დაკავშირებით განმარტა ბრალდებულმა გიორგი ორველაშვილმა, რომ ეს თოფი იყო გაფუჭებული და ამიტომ გადაწყვიტა მუშა მდგომარეობაში მყოფი იარაღის გამოყენება მკვლელობის ჩასადენად...

ეს გამოძიებას აძლევს იმას, რომ ბრალდებულმა განზრახ, წინასწარ დაგეგმილად და მიზანმიმართულად ჩაიდინა დანაშაული. კახეთიდან წამოიღო გამართულ მდგომარეობაში მყოფი იარაღი, რომლითაც რუსთავში დახოცა ხალხი.

მოტივთან დაკავშირებით ბრალდებული ადასტურებს იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა ბიძის, ნოდარ ორველაშვილის მიმართ შურისძიების მოტივით. დანარჩენებთან კონკრეტულად დანაშაულის ჩადენის არანაირი მიზანი და მოტივი არ ჰქონდა. ისინი უბრალოდ დახოცა იმიტომ, რომ ის ადამიანები იმყოფებოდნენ იმ დროს, იმ მომენტში, შემთხვევის ადგილზე". - თქვა საქმის პროკურორმა.

9 თებერვალს რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე კაცმა 4 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა. პოლიციამ ბრალდებული, გიორგი ორველაშვილი ადგილზე დააკავა.

10 თებერვალს დააკავეს გიორგი ორველაშვილის ძმაც, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება 238-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს.

გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა, ლევან დოსმიშვილმა პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ ისინი აპირებდნენ დაეყენებინათ შუამდგომლობა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების, ან, ალტერნატივად, გირაოს შეფარდების შესახებ. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"გოგიტა არის 19 წლის ბიჭი, რომელიც მსახურობს ჯარში. ის ბრუნდებოდა სახლში მორიგი ცვლიდან, როდესაც გაიგო მომხდარი ამბის შესახებ პოლიციისგან. გამოცხადდა მაშინვე პოლიციაში და სწორედ იქ გაიგო მომხდარი ამბის შესახებ... იარაღის ქონა და ფლობა არ არის კანონდარღვევითი ქმედება. მას ჰქონდა გაფორმებული ეს იარაღი თავის სახელზე და როდესაც სახლში მივიდა, ეს იარაღი აღარ დახვდა". - თქვა გოგიტა ორველაშვილის ადვოკატმა.

კომენტარები