აშშ-ისრაელი

ბლინკენი: ისრაელს არ შეუძლია 7 ოქტომბერი სხვების დეჰუმანიზების ლიცენზიად გამოიყენოს

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტისას ღაზაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. მან თელ-ავივში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმისას ისრაელელი ხალხი დეჰუმანიზებული იყო, თუმცა ეს ისრაელისთვის არ არის ლიცენზია სხვების დეჰუმანიზებისთვის. 

ბლინკენმა ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო კამპანია გააკრიტიკა. ასევე, ბლინკენის თქმით, ჰამასის მიერ შეთავაზებული პირობები ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გაცვლაზე ტოვებს სივრცეს შეთანხმებისა და მოლაპარაკებისთვის. ჰამასის შეთავაზება, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად ომის დასრულებას მოიცავდა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაბლოკა და თქვა, რომ ერთადერთი გზა პრობლების გადასაჭრელად ისრაელის სრული და საბოლოო გამარჯვებაა.

"7 ოქტომბერს ისრაელელები დეჰუმანიზებულები იყვნენ ყველაზე საზარელი გზებით. მას შემდეგ ყოველ დღე ისრაელელი მძევლები დეჰუმანიზებული არიან, მაგრამ ეს ვერ იქნება ლიცენზია სხვების დეჰუმანიზებისთვის" - თქვა ენტონი ბლინკენმა. 

ბლინკენმა ასევე თქვა, რომ ღაზაში მცხოვრები ხალხის დიდ ნაწილს 7 ოქტომბრის თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და მათაც ისეთივე ოჯახები ჰყავთ, როგორც ყველა სხვას და დაუშვებელია ამის აღქმის დაკარგვა. აშშ ბოლო თვეების მანძილზე უფრო და უფრო ხშირად და მკაფიოდ ამახვილებს ყურადღებას ისრაელის პასუხისმგებლობაზე ღაზაში სამოქალაქო პირების და შენობების უსაფრთხოებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შედინება საგრძნობლად გაზრდილია ბოლო თვეების მანძილზე.

ენტონი ბლინკენი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელში მეხუთე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 7 თებერვალს ის ისრაელის მთავრობის და ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. 

კომენტარები