სტიქია იმერეთში

შსს: ნერგეეთში მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ, მეწყერში მოყოლილ 1 ადამიანს კიდევ ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. შსს აღნიშნავს, რომ ამ დრომდე, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთს კი - უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

"სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი" - აცხადებს შსს.

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება "რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან".

კომენტარები