დონალდ ტრამპი

სასამართლომ 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ტრამპის იმუნიტეტი არ ცნო

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Justin Sullivan/Getty Images

აშშ-ს სასამართლომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო იმუნიტეტი მის წინააღდეგ აღძრულ სასამართლო საქმეში, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგებში სავარაუდო ჩარევას ეხება, არ ცნო. შესაბამისად, სასამართლო დადგენილების თანახმად, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობისა და თანამდებობაზე დარჩენის მიზნით შესაძლო თაღლითობის საქმის ფარგლებში ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელია.

გადაწყვეტილება ფედერალური სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად მიიღო. 

ტრამპმა არაერთხელ უარყო ამ საქმეში რაიმე სახის ბრალეულობა და იუსტიციის დეპარტამენტი და ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.

მოსალოდნელია, რომ ტრამპმა გადაწყვეტილება გაასაჩივროს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე უზენაეს სასამართლოში განიხილება, სადაც 9 მოსამართლიდან 6  კონსერვატორია. 

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი თავდაპირველად 4 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა, გადაიდო იმუნიტეტის მოთხოვნის შესახებ განჩინების მოლოდინში.

ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი, მათ შორის, ჯორჯიის შტატში 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების სავარაუდო მცდელობებთან, თანამდებობის დატოვების შემდეგ გასაიდუმლოებული დოკუმენტების არასწორად გამოყენებასთან და პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსთან გასაიდუმლოებულ ფულად გადარიცხვებთან დაკავშირებით.

კომენტარები