სამთავრობო ცვლილებები

2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უფასოდ ჩანაცვლდება ID ბარათებით

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის თქმით 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით - ამის შესახებ ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. 

"2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შედეგადაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას" - თქვა რატი ბრეგაძემ. 

2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანოპროექტი, რომლის მიხედვით მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემა არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით შეეძლებათ. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ევროპელი სოციალისტების ლიდერი, ფრიდონ ინჯიაა.

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლის ავტორიც დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები აქვთ.

ინჯიას მიერ წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.

"კანონპროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID-ბარათებით) შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას". - აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები