მკვლელობა

აეროპორტის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პროკურატურა

პროკურატურამ თბილისში, აეროპორტის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 იანვარს, თბილისში, გარაყანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკებისას ბრალდებულმა დაზარალებულს, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა  ბრალდებული 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები