სამთავრობო ცვლილებები

ბურჭულაძე: კობახიძისგან NATO-ში საქართველოს ელჩობაზე შემოთავაზება მივიღე

პირველ რიგში, მინდა, მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ეს საამაყო 5 წელი იყო, რაც თავდაცვის სამინისტროში გავატარე. პრემიერი შეიცვალა და ბუნებრივია, ჩვენ კონსულტაციები გვქონდა. ირაკლი კობახიძემ ყველა მინისტრს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა. თუმცა, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ახალი კოდექსი მივიღეთ, მე ირაკლი ღარიბაშვილთან წასვლასთან დაკავშირებით თხოვნა მქონდა. მან კი მთხოვა, ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმეღო. მიზეზები რომ გითხრათ, თუ რატომ მინდოდა წასვლა - 13 წელია, საჯარო მოხელე ვარ, რაც ძალიან ბევრია. ეს ერთი. მეორე, იცით, რომ დიდი ოჯახი მყავს.

ირაკლი კობახიძისგან შემოთავაზება მივიღე, რომ NATO-ში საქართველოს ელჩობის თანამდებობაზე დანიშვნა განვიხილო, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ეს 4 თვის შემდეგ იქნება. სავარაუდოდ, ამ თანამდებობას დავთანხმდები. თუმცა, ეს 4 თვე ფიქრის დრო მაქვს. 

თქვა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ოცნების ყრილობის დასრულების შემდეგ. პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის თქმით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურას წარადგენენ.

კომენტარები