სამთავრობო ცვლილებები

კალაძე პრემიერობაზე: 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა

შესწორება: ახალი ამბის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ კახა კალაძემ პრემიერმინისტრად თავისი კანდიდატურის შესახებ კითხვას უპასუხა ფრაზით "გამორიცხული არაფერია". მოგვიანებით თბილისის მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ კომენტარში უზუსტობა იყო და კალაძემ ფრაზით თბილისის მერად მესამე ვადით კენჭისყრასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრემიერმინისტრის კანდიდატურად მისი წარდგენა 2025 წლამდე ვერ მოხდება, რადგან მას, როგორც განსაზღვრული დროით არჩეულ მერს, შესაბამისი პასუხიმგებლობები აკისრია.

"როგორც იცით, 2025 წლამდე მერობის უფლებამოსილება მაქვს, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, სხვადასხვა რეფორმა არის განსახორციელებელი. დედაქალაქთან დაკავშირებით სამომავლოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს". - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, რამდენად შესაძლებელია მესამე ვადით გახდეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ "გამორიცხული არაფერია, ყველაფერი წინაა".

29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან უკვე მეორედ გადადგა. ის ქართული ოცნების თავმჯდომარე ხდება. პარტიის წევრების ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განიხილება.

ცვლილებებთან დაკავშირებით, ხვალ, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება.

კომენტარები