რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსულმა ბანკებმა რეკორდული მოგება ნახეს

რუსეთის ცენტრალური ბანკი
REUTERS/Shamil Zhumatov/File Photo

ბრიტანული გამოცემა Financial Times რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით წერს, რომ 2023 წელს რუსულმა ბანკებმა რეკორდული მოგება აჩვენეს. ეს ერთი მხრივ, მთავრობის სუბსიდიებით წახალისებული ხალხის მხრიდან დიდი რაოდენობით იპოთეკური სესხების გამოტანამ განაპირობა. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყოველივეს დაერთო დასავლური კომპანიების მიერ რუსეთის დატოვება, რამაც რუსეთში მათ მიერ დატოვებული აქტივების შესყიდვაზე მოთხოვნის ბუმი გამოიწვია.

რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რომელთა მიზანიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფინანსური სისტემის სრული იზოლირება იყო, 2023 წელს რუსულმა ბანკებმა $37 მილიარდი გამოიმუშავეს. რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 16-ჯერ არის გაზრდილი.

ბანკების შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი რუსეთში აღებული იპოთეკური სესხის რაოდენობის 34.5%-ით ზრდა გახდა, რაც, თავის მხრივ, მთავრობის მიერ გაცემულმა სუბსიდიებმა გამოიწვია. ამ პროგრამების მიზანი ქვეყანაში მოთხოვნის გაზრდა იყო. 2023 წელს რუსეთში იპოთეკური სესხების რაოდენობის ნახევარზე მეტი მთავრობის სუბსიდიით იყო აღებული. შედარებისთვის, ზოგადად იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის სუბსიდიით ეს მაჩვენებელი 8%-მდე იწევს (ახალგაზრდა ოჯახებისთვის კი - 6%-მდე).

რუსეთის ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი ახლა 16%-ია, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ივლისიდან მოყოლებული ცენტრალურმა ბანკმა იგი 7.5%-დან ხუთ ეტაპად გაზარდა. ასეთი საპროცენტო განაკვეთი კი უახლოვდება უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მიღებულ 20%-იან მაჩვენებელს.

პოლიტიკოსებისა და რეგულატორების თქმით, რუსეთის მთავრობის სუბსიდიებს საპირისპირო შედეგი აქვს. დიდი რაოდენობით გაცემული სუბსიდიები ბინების ფასების გაზრდას იწვევს, ნაცვლად იმისა, რომ ბინები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.

კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რამაც რუსეთის შიდა ბაზარზე სესხების ბუმი გამოიწვია, უცხოური კომპანიების მიერ, სანქციების გამო, რუსეთის დატოვება იყო. ზოგიერთ შემთხვევაში დასავლურ კომპანიებს სანქციების გამო აქტივების გაყიდვა მოუწიათ ან სულაც რუსეთის მთავრობამ მათი ქონების ექსპროპრიაცია დაიწყო. შედეგად, ქვეყანაში გაჩნდა ამ აქტივების შესყიდვის მსურველთა დიდი რაოდენობა, რომლებმაც რუსეთში სესხზე მოთხოვნა გაზარდეს.

რუსული ბანკების კორპორაციული კრედიტების საერთო პორტფოლიო 2023 წელს 20%-ით გაიზარდა, საიდანაც $5.59 მილიარდის ღირებულების სესხები იმ უცხო კომპანიებთან დადებულ შეთანხმებებზე მოდის, რომლებმაც რუსეთი დატოვეს.

რუსეთის ცენტრალური ბანკის საბანკო რეგულაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსანდერ დანილოვმა განაცხადა, რომ ასეთი შედეგი გასაკვირი იყო. მისი თქმით, მარტის თვეში მოელოდა, რომ მოგება ზომიერი და არაუმეტეს $11 მილიარდი იქნებოდა.

რეკორდული მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ აშშ-ს და ევროპის მცდელობების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა შედარებით უფრო მედეგი აღმოჩნდა. 30 იანვარს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2024 წელს 2.6%-ით გაიზრდება, რაც, თუკი გამართლდა, ოქტომბრის პროგნოზთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფი ზრდა იქნება.

კომენტარები