საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული "კორუფციის აღქმის ინდექსით" (CPI) საქართველოს მონაცემები 2022 წელთან შედარებით 3 ქულით გაუარესდა და 56 ქულიდან 53 ქულამდე ჩამოვიდა.
ახალი მონაცემებით, საქართველო 180 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა. განსხვავებისთვის, 2016-2018 წლებში ინდექსი 56-დან 58 ქულამდე მერყეობდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო ღრმა სისტემურ საკითხზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების გავრცელებულ გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და გადაწყვეტილების მიღებაზე.
მათი თქმით, ამის ერთ-ერთი ნიშანი მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი "დაბრუნებაა" აქტიურ პოლიტიკაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის ინსტიტუტების ხელში ჩაგდებაში. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" წერს, საქართველოში კორუფციის პრობლემის ზრდა ევროკავშირში ინტეგრაციის რამდენიმე მთავარ დაბრკოლებას შორისაა.
"კორუფციის აღქმის ინდექსი" (CPI) ზომავს, რამდენად კორუმპირებულად აღიქმება თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორი. CPI აფასებს 180 ქვეყანას მთელ მსოფლიოში და მონაცემები იზომება 0-დან (ძალიან კორუმპირებული) 100 ქულამდე (არაკორუმპირებული).