უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, უკრაინული სამხედრო კომპანიის თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან კორუფციული გარიგების დადების შედეგად, $40 მილიონი მოიპარეს, რომელიც 100 000 ჭურვის შესაძენად იყო განკუთვნილი.
უსაფრთხოების სამსახურის თქმით, ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, რომელთაც ბრალი უკვე წარედგინათ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბოლო პერიოდში უკრაინა ქვეყანაში არსებულ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ ძალისხმევას აძლიერებს, რათა უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება დაჩქარდეს. მანამდე, ორივე გაერთიანების მაღალჩინოსნებმა უკრაინას ანტი-კორუფციული რეფორმების მიღება მოსთხოვეს.