საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი მოადგილე დააკავა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე დააკავეს

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსმა მოქალაქე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაადანაშაულა ნარკოდამოკიდებულებაში, მას დაპატიმრებით დაემუქრა და ფსიქოლოგიური ძალადობის გზით 3500 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამი გამოსძალა". - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ სამმართველოს უფროსის მოადგილემ მოქალაქის სახლი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაჩხრიკა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ამოიღო მოქალაქის და მასთან მცხოვრები პირის პირადი ნივთები, რამაც მათ მატერიალური ზიანი მიაყენა. 

პროკურატურის ცნობით, სამმართველოს ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - საჯარო მოხელის მიერ ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით. 

სამმართველოს უფროსის მოადგილეს კი ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საჯარო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პროკურატურა დაკავებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები