გამოსახლება

საპატრიარქო გამოსახლებაზე: იმედია, კანონი შეიცვლება, რათა მოქალაქეები ქუჩაში არ დარჩნენ

ტაბულა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე ბინიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საჭიროა კანონის ცვლილება, რათა "მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან". 

"გულისტკივილით ვადევნებდით თვალს კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს.

აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

იმედია, მოხდება კანონის შესაბამისი ცვლილება, რომ ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დაცული იყვნენ საცხოვრებლიდან გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენისაგან". - აღნიშნულია განცხადებაში. 

კეკელიძის N1-ში მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ აღსრულების ბიუროს ჩართულობით დარეჯან დვალთან შეთანხმებას მიაღწია. 

23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა.  ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა. რადიო თავისუფლებასთან ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე აფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.

"ამჯერად უკვე მევახშეებთან დაიტვირთა ჩემი სახლი იპოთეკით. საბოლოოდ, მევახშეების ვალი, რომელთანაც ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალ ხელშეკრულებებს ვდებდი, 27 000 დოლარიდან 50 000 დოლარამდე გაიზარდა“ - ეუბნება ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას.

მისი მტკიცებით, ბოლო კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალიც, რომელმაც მას შემდეგ, რაც სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება აუქციონზე გავიდა, ბინა თავად იყიდა. დვალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბინა აუქციონზე 43 000 ლარად იყიდა, გარდა ამისა, დაფარა 15 000-დოლარიანი დავალიანება.

23 იანვარს გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

კომენტარები