იოზეფ ფრიცლის საქმე

ფრიცლს, რომელიც საკუთარ ქალიშვილს ათობით წელი აუპატიურებდა, ჩვეულებრივ ციხეში გადაიყვანენ

იოზეფ ფრიცლი მის საქმესთან დაკავშირებით ქვემო ავსტრიის რეგიონში გამართული სასამართლო პროცესის ბოლო დღეს, 2009 წლის 19 მარტი
REUTERS/POOL/Robert Jaeger/File Photo

ავსტრიელი სექსუალური მოძალადის ადვოკატის, ასტრიდ ვაგნერის თქმით, 88 წლის იოზეფ ფრიცლს, რომელიც სარდაფში გამოკეტილ ქალიშვილზე 24 წლის განმავლობაში ძალადობდა და მისგან 7 შვილიც შეეძინა, გარკვეული პირობებით, ციხის ფსიქიატრიული განყოფილებიდან ჩვეულებრივ ციხეში გადაიყვანენ. საკითხთან დაკავშირებით სასამართლო მოსმენა დღეს, 25 იანვარს გაიმართა.

"ლამის ატირდა იმის კიდევ ერთხელ გამეორებისას, რომ რაც ჩაიდინა, საშინელება იყო, ძალიან წუხს ამ ადამიანების გამო და ისურვებდა, ყველაფრის შეცვლა შეეძლოს... მისი ყოველდღიური ცხოვრება იგივე იქნება. ციხე ციხეა". - თქვა ფრიცლის ადვოკატმა.

მისივე თქმით, დემენციის მიუხედავად, რომლის გამოც კაცს ეპიზოდურად მახსოვრობა ეკარგება, მსჯავრდებულმა პროცესისთვის თვალყურის დევნება მაინც შეძლო.

ფრიცლი 2009 წელს საკუთარი შვილის გაუპატიურების, ინცესტის, შვილების დამონების, მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ერთ-ერთი შვილის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ ის სასჯელს "მენტალური აშლილობის" მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხეში იხდის.

მსჯავრდებული თავდაპირველად მისთვის წაყენებული ბრალდებების ნაწილს უარყოფდა, თუმცა, მოგვიანებით ყველაფერი აღიარა.

ჩვეულებრივი ციხიდან ფრიცლს უფლება ექნება გათავისუფლება მოითხოვოს. მოძალადის ადვოკატის თქმით, მომავალ წელს მსგავსი მოთხოვნის წარდგენასაც გეგმავენ.

ვრცლად: ფრიცლს, რომელიც გამოკეტილ შვილს ათობით წელი აუპატიურებდა, შეიძლება სასჯელი შეუმსუბუქონ

კომენტარები