ქარელის მუნიციპალიტეტი

ქარელის სოფელში, სადაც ადგილობრივების თქმით, ბავშვები არ ცხოვრობენ, ატრაქციონები დადგეს

მთავარი არხი

ქარელის მერიამ მუნიციპალიტეტის სოფელ აფნისში, სადაც ადგილობრივების თქმით, ბავშვები არ ცხოვრობენ, საბავშვო ატრაქციონები დადგა. აფნისში მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ იქ ახლა სულ 7 ოჯახი ცხოვრობს, რომლიდანაც ბავშვი არცერთს ჰყავს.

"ამ სოფელში ბავშვები არ არიან და ატრაქციონების დადგმას რა აზრი ჰქონდა, ჩემთვის გაუგებარია. ამბობენ, რომ ხელი მოსახლეობამ მოაწერა. შემიძლია, ვიკითხო, ვინ მოაწერა ხელი და მათ ბავშვები ჰყავთ თუ არა. გეუბნებით, რომ სოფელში ბავშვები საერთოდ არ არიან". - ამბობს აფნისის ერთ-ერთი მცხოვრები მთავარ არხთან საუბარში.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ამბობს, რომ მერიამ მათ ატრაქციონების გაკეთება გარკვეული პროგრამის ფარგლებში შესთავაზა, რაზეც უარი არ უთქვამთ.

"რაღაც პროგრამა იყო და რამე ხომ უნდა გაეკეთებინათ. ის ფული ტყუილად რატომ უნდა დაგვეკარგა - რომ გვითხრეს, ამას გაგიკეთებთო, უარი არ გვითქვამს. 1 თვის წინ გააკეთეს და ჯერ მანდ ბავშვი არ დამინახავს, მაგრამ ზაფხულში ალბათ იქნებიან". - ამბობს ადგილობრივი.

აფნისში მცხოვრები კიდევ ერთი ადამიანის თქმით, სოფელში წყლისა და გაზმომარაგების პრობლემაა.

"ახლა, ზამთარში აქ სულ 7 ოჯახი ვართ. წყალი და გაზი გვინდა, თორემ ისე კარგი სოფელი გვაქვს. მერი შეგვპირდა, რომ წელს წყალი აუცილებლად გვექნება. აქ ბავშვები არ ცხოვრობენ". - განაცხადა სოფლის მცხოვრებმა.

კომენტარები