ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილს Credit Suisse-ის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საჩივარი არ დაუკმაყოფილეს

ბიძინა ივანიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.  
ალექსანდრე იმედაშვილი / РИА

ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკთან ფულის გათეთრების საქმე წააგო. კერძოდ, საქმე ეხებოდა ყოფილ ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს, რომელსაც ბრალად ხელმოწერებისა და კლიენტის ანგარიშის გამოწერების გაყალბება და ამის საფუძველზე ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონების უკანონოდ გადარიცხვა ედებოდა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

აღნიშნული სასამართლო დავა, რომელიც UBS Group AG-მა Credit Suisse-ისგან მემკვიდრეობით მიიღო  წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

წელიწადნახევრიანი გამოძიების შემდეგ ჟენევის მთავარმა ფინანსურმა პროკურორმა, ივ ბერტოსამ საქმის მხარეებს შეატყობინა, რომ მისმა გამოძიებამ ვერ იპოვა სამხილი, რომელიც პატრიკ ლესკადრონის ან Credit Suisse-ის სხვა წარმომადგენლის მიერ ბანკის სასარგებლოდ "ფულის გათეთრების რაიმე აქტს" დაადასტურებდა.

ეს საუკეთესო დასკვნაა UBS-ისთვის, რომელმაც კონკურენტი Credit Suisse იყიდა და მემკვიდრეობით რამდენიმე სასამართლო საქმე ერგო. ლესკადრონის თაღლითოებებთან დაკავშირებით აქამდე ბანკმა რამდენიმე საქმე წააგო ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოებში, რამაც საფინანსო ორგანიზაციას დიდი ზარალი მიაყენა. 

ლესკადრონი აყალბებდა ხელმოწერებსა და კლიენტის ანგარიშის განცხადებებს, რათა მისი უდიდესი კლიენტის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან თანხები გადაერიცხა. ლესკადრონის თაღლითობა წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. მან საბოლოოდ საკუთარი ნამოქმედარი აღიარა. მომავალში, 2020 წელს მან თავი მოიკლა.

ჯერ კიდევ ივნისში ბერტოსას აღნიშნული ჰქონდა, რომ 2008-2014 წლების შუალედში Credit Suisse-მა ვერ შეძლო აღეკვეთა რვა ტრანზაქცია, რომლებიც ფულის გათეთრებას წარმოადგენდა.

ივანიშვილის სპიკერის თქმით, მხარე საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გასაჩივრებას აპირებს. მისი განცხადების მიხედვით, ბერტოსას ახლა მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაული სრულად უნდა განიხილებოდეს იმ კონტექსტში, რაზეც ლესკადრონს ბრალი უკვე წარდგენილი ჰქონდა და არა ფულის გათეთრების კონტექსტში.

"ჩვენ აბსოლუტურად არ ვეთანხმებით ამ ლოგიკას, რომელიც უგულებელყოფს სამხილებს, რომელიც აჩვენებს კლიენტებთან მუშაობის მენეჯერის მზაობას დაემალა და გაეთეთრებინა შემოსავლები საკუთარი თაღლითობის ფარგლებში". - ნათქვამია ივანიშვილის მხარის განცხადებაში.

Credit Suisse გაიყიდა – ფინანსური კოლაფსი, ივანიშვილის დავა და შეთქმულების თეორიები

ივანიშვილი არის 5 ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს ჯერ კიდევ უჩივის, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს ლესკოდრონის ბრალდება დაუმტკიცდა. ამ ხუთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, არ სჯერა, რომ ბანკირი თაღლითობის დანაშაულებს ბანკის დახმარების გარეშე აკეთებდა. ლესკოდრონი ბოროტმოქმედებს ჩადიოდა საკუთარი კოლეგებისა და ზემდგომების წინააღმდეგ. 

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა ქონებიდან დაახლოებით $400 მილიონი დაკარგა, როცა ამის ცხადი ნიშნები ჩანდა.

 

კომენტარები