ევროპელი სოციალისტები

ფრიდონ ინჯიას პარტია ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობს

პარტია "ევროპელი სოციალისტების" ტაივანში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ტაივანის არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს არ ცნობს:

"საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტები" აღიარებს რა და მტკიცედ მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას და "ერთიანი ჩინეთის" პრინციპს, არ ცნობს ტაივანში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის შედეგებს.

"საქართველო, როგორც ერთგული საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებებისა და მიერთებული არაერთ კონვენციასა თუ ხელშეკრულებას, ტაივანს განიხილავს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად.

შესაბამისად, "ევროპელ სოციალისტებს" მიგვაჩნია, რომ მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

ამასთანავე, მოვუწოდებთ გარე ძალებს თავი შეიკავონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში უხეში ჩარევისგან, ვითარების ესკალაციის პროვოცირებისგან და ხელი შეუწყონ "ერთიანი ჩინეთის" პრინციპის მშვიდობიან განხორციელებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ ჩვენს მადლიერებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორისადმი, საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და აქტიური მხარდაჭერისათვის". - წერია "ევროპელი სოციალისტების" განცხადებაში.


ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა.

DPP-ის გამარჯვების შედეგად მმართველმა პარტიამ ზედიზედ სამი არჩევნები მოიგო, რაც ტაივანის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემისათვის უპრეცედენტოა. ლაის ორი მთავარი კონკურენტი ჰყავდა: ნაციონალისტური კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იჰი, რომელიც ჩინეთთან კომპრომისულ პოლიტიკას უჭერს მხარს და ტაივანის სახალხო პარტიის წევრი, ტაიპეის ყოფილი მერი, კო ვენ-ჯე. ორივემ აღიარა, რომ დამარცხდა და არჩევნებში ლაიმ გაიმარჯვა. 

პეკინმა ლაი "ტაივანის დამოუკიდებლობის ელემენტად" გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლაიმ კუნძულის დამოუკიდებლობა გამოაცხადოს, ჩინეთმა პირობა დადო, რომ მსგავსი ნაბიჯის შემთხვევაში ტაივანს ძალით შემოიერთებს და მოუწოდა ტაივანელ ამომრჩევლებს, არჩევანი გააკეთონ ომსა და მშვიდობას შორის.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები