ევროპელი სოციალისტები

ევროპელი სოციალისტები: ვგობთ ჩინეთის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას

ფრაქცია ევროპელი სოციალისტები ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო განვითარებულ დაძაბულობას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ისინი გმობენ ჩინეთის წინააღმდეგ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას. 

"პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა". - ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ევროპელი სოციალისტები განცხადებაში ასევე საუბრობენ, რომ " ქართველი ხალხი ჩინეთის მიმართ ისტორიულად კეთილგანწყობილი არიან"  და, მათი თქმით, საქართველოს მოსახლეობა "მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას". 

"ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია." - ნათქვამია განცხადებაში.

ნენსი პელოსი, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. 

ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები