ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა

გორის სასამართლომ ძაღლის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ კაცს, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი დაჭრა აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

როგორც ტაბულას სასამართლოში ეუბნებიან, აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

შემთხვევა 13 იანვარს მოხდა. როგორც ვეტერინარულ კლინიკაში ამბობდნენ, ცხოველს დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით ჰქონდა მიყენებული, თუმცა შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ, დაჭრილი ძაღლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები