რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპულ საბჭოში ორბანისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად ევროპარლამენტში პეტიცია შეადგინეს

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა, პეტრი სარვამაამ, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა. სარვამაა ამის შესახებ X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, სადაც პეტიციის წერილი ატვირთა.

"დავიწყეთ ისტორიული პეტიცია, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის, ბატონ ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას. ეს მტკიცედ განსხვავდება ყველაფრისგან, რაც აქამდე უნგრეთთან დაკავშირებით გაგვიკეთებია - ევროკავშირის შეთანხმების მე-7 (2) მუხლით გათვალისწინებული პროცედურა არასდროს დაწყებულა". - წერს სარვამაა X-ზე. 

ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ევროკავშირი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის გამო გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს და მისი ქმედებები შანტაჟს შეადარა. სარვამაას თქმით, პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზას ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს. 

"ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღები აპარატურა უბრალოდ გაჭედილია ვიქტორ ორბანის გამო. მისი ამუშავების ერთადერთი გზა საბჭოში ორბანისთვის ხმის უფლების ჩამორთმევაა. ამავდროულად, ვაჩვენებთ, რომ ევროკავშირში არავითარი შანტაჟი არ დაიშვება". - წერს სარვამაა. 

პეტიციაში წერია, რომ უნგრეთის ქმედებები ევროკავშირის ღირებულებებს უპირისპირდება და ევროპული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. წერილის მიხედვით, უნგრეთი კანონის უზენაესობას აკნინებს და ხელს უშლის ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ხოლო ევროპარლამენტი ვალდებულია, ამას დაუპირისპირდეს. 

"უნგრეთი კანონის უზენაესობის ეროზიისთვის არაერთხელ გაუკრიტიკებიათ და განსაკუთრებით ევროპული საბჭოს დეკემბრის სამიტზე უნგრეთის მხრიდან წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიღების პროცესის შემაფერხებელი ქმედებების შემდეგ, გვჯერა, რომ დადგა დრო, ევროპარლამენტმა იმოქმედოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ევროპული ცხოვრების წესი და დემოკრატია დავიცვათ". - წერია პეტიციაში. 

როგორც წერილში წერია, პეტიციის წარმატების შემთხვევაში, ევროკავშირის შეთანხმების მე-7 (2) მუხლით გათვალისწინებული პროცესი დაიწყება. თავდაპირველად უნდა გაირკვეს, დაფიქსირდა თუ არა ევროკავშირის ღირებულებების "სერიოზული და უწყვეტი" დარღვევა. ასეთი რღვევის დადგენის შემდეგ, შეთანხმება წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, მე-7 (3) მუხლით გათვალისწინებული ნაბიჯები გადადგან. საბოლოოდ, შესაძლოა უნგრეთს გარკვეული საწევრო უფლებები, მათ შორის საბჭოზე ხმის მიცემის უფლება, დროებით ჩამოერთვას. 

ევროპარლამენტარებს პეტიციის ხელმოწერა 12 იანვრამდე შეუძლიათ, როდესაც წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, გაეგზავნება. 

"წევრებს წერილის ხელმოსაწერად დრო პარასკევამდე აქვთ, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ მეცოლას გაეგზავნება. არსებითი მომენტი ევროკავშირისთვის". - წერს სარვამაა. 

მანამდე, Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას განიხილავდნენ, რათა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცონ. 

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა

14 დეკემბერს ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამ გადაწყვეტილების მთავარი ოპონენტი ვიქტორ ორბანი იყო.

კომენტარები