არაბეთის ზღვა

ინდოეთის საზღვაო ძალები სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე ავიდნენ

სომალის სანაპიროსთან ინდოეთის საზღვაო ძალების სადესანტო-დივერსიული რაზმის მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე ასვლის კადრები
Spokesperson of the Indian Navy / X

ინდოეთის საზღვაო ძალების წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის საზღვაო სადესანტო-დივერსიული რაზმი სომალის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ გატაცებულ გემზე ავიდა და სავაჭრო ხომალდის MV Lila Norfolk-ის გატაცება აღკვეთა.

გავრცელებული ცნობებით, ბორტზე ასვლის შემდეგ ინდოეთის სამხედრო ძალებმა მეკობრეები ვერ იპოვეს, ვინაიდან მეკობრეებმა გემი ინდოეთის საზღვაო ძალების გაფრთხილების შემდეგ დატოვეს. ინდოეთის თქმით, გემზე მყოფი 21 ეკიპაჟის წევრიდან, 15 ინდოეთის მოქალაქე იყო. ისინი მეკობრეების თავდასხმის განმავლობაში გემზე მდებარე თავშესაფარში იმალებოდნენ.

მანამდე, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ (UKMTO) სავაჭრო გემ MV Lila Norfolk-ისგან შეტყობინება მიიღო, რომ 5-6 შეიარაღებული პირი მათ ხომალდზე ავიდა.

რეგიონი, სადაც ზემოხსენებული ინციდენტი მოხდა, გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12%-ის გამტარია და აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს. წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.

ხოლო ინდოეთის საზღვაო ძალებმა 26 დეკემბერს განაცხადა, რომ არაბეთის ზღვაში "შემკავებელი ძალის შენარჩუნების" მიზნით სამი სამხედრო გამანადგურებელი გემი გაგზავნა, რომლებიც მართვადი რაკეტებით არიან აღჭურვილი.

კომენტარები