დანია

დანიის დედოფალმა პირდაპირ ეთერში ტახტის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა

დანიის დედოფალი მარგრეტე II
Queen of Denmark

დანიის დედოფალმა, მარგრეტე II-მ ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, საახალწლო მილოცვისას სამეფო ტახტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

მარგრეტე II ტახტს 2024 წლის 14 იანვარს დატოვებს, ზუსტად 52 წელიწადში მას შემდეგ, რაც დანიის დედოფალი გახდა. მისი გადადგომის შემდეგ მეფის როლს დედოფლის ვაჟი, პრინცი ფრედერიკი შეასრულებს.

მონარქის თქმით, გადაწყვეტილება 2023 წლის დასაწყისში ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრის შედეგად მიიღო.

"ოპერაცია ბუნებრივად წარმოშობდა მომავალზე ფიქრს - დადგა თუ არა დრო, რომ პასუხისმგებლობა მომავალ თაობაზე გადასულიყო... გადავწყვიტე, რომ ახლა შესაფერისი დროა". - აღნიშნა მარგრეტე II-მ მიმართვისას.

დედოფლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დანიის პრემიერი, მეტე ფრედერიკსენი, რომელმაც დედოფალს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"მთელი მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო მის უდიდებულესობა დედოფალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში თავდადებისთვის და სამეფოსთვის დაუღალავი ძალისხმევისთვის... დედოფალი მარგრეტე დანიის განსახიერებაა და წლების განმავლობაში ამტკიცებდა სიტყვებს და გრძნობებს იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ხალხი და როგორც ერი". - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

83 წლის დედოფალი დანიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქია. ის ტახტს 1972 წლიდან, მამამისის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალებიდან იკავებს.

ბრიტანული სამეფო ტრადიციისგან განსხვავებით, პრინცი ფრედერიკისთვის მეფედ კურთხევის ოფიციალური ცერემონია არ გაიმართება. მისი ტახტზე ასვლა კოპენჰაგენში მდებარე ამალიენბორგის ციხესიმაგრიდან გამოცხადდება.

კომენტარები