დანია

დანია გრენლანდიაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს

REUTERS/Guglielmo Mangiapane

დანია გრენლანდიაში სამხედრო წვრთნებს ატარებს, სახელით “არქტიკის ნათება 2025”, რომლებიც გრენლანდიის უახლოეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. 

გამოცემა Reuters აღნიშნავს, რომ დანიამ, წინა ღონისძიებისგან განსხვავებით, აშშ-ს წვრთნებში მონაწილეობა არ შესთავაზა. 

არქტიკის ერთობლივი სარდლობის მეთაური, შორენ ანდერსენი Reuters-თან საუბრისას ამბობს, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი ღონისძიებაზე მიიწვიეს, თუმცა უშუალოდ ამერიკული სამხედრო დანაყოფებისთვის წვრთნებში მონაწილეობა არ შეუთავაზებიათ.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან აშშ-ს პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე, მაგრამ ისინი სამხედრო დანაყოფებთან ამ წვრთნებში არ მოგვიწვევია.” - თქვა ანდერსენმა Reuters-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს მანამდე გრენლანდიის კუნძულზე დანიის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა არაერთხელ მიუღია. 

კოპენჰაგენში აშშ-ს საელჩოს სპიკერმა Reuters-ს უთხრა, რომ აშშ დანიასთან და არქტიკაში სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობას განაგრძობს. 

“მართალია, ამ კონკრეტულ წვრთნაში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ დანიის სამეფოსთან და არქტიკაში ჩვენს სხვა მოკავშირეებთან მტკიცე სამხედრო თანამშრომლობას განვაგრძობთ”. - თქვა საელჩოს სპიკერმა. 

დამოუკიდებელმა სამხედრო ანალიტიკოსმა, ჰანს პიტერ მიქელსენმა Reuters-თან ინტერვიუში დანიის წვრთნები “ძლიერ პოლიტიკურ გზავნალად” მოიხსენია. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს, აჩვენოს, რომ დანია გრენლანდიას აკონტროლებს. 

თუმცა, გამოცემასთან საუბრისას ანდერსენმა უარყო, რომ წვრთნები ვაშინგტონისთვის გზავნილის გაგზავნას ისახავდა მიზნად.

სამხედრო წვრთნებში “არქტიკის ნათება 2025”, რომელიც 9 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე გრძელდება, მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი ჯარისკაცი, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნორვეგიის სპეციალური სამხედრო დანაყოფები

ანდერსენის თქმით, წვრთნებისას განიხილავენ ყველა შესაძლო საბრძოლო ვარიანტს, რაც რუსეთისა და ჩინეთის არქტიკის წყლებში ბოლოდროინდელი აქტიური ჩარევით არის გამოწვეული. თავის მხრივ, დანიაში აშშ-ს საელჩომ სპიკერმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ NATO-ს მცდელობა, მზადყოფნაში იყოს და არქტიკის წყლები დაიცვას, დასაფასებელია.


გასული წლის 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა კვლავ დააყენა აშშ-ს მიერ დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონის, გრენლანდიის, შესყიდვის საკითხი. მან ასევე არ გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც. 

"გრენლანდია ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება". - განაცხადა ტრამპმა 7 იანვარს გამართულ პრესბრიფინგზე. 

ტრამპის ამ განცხადებას მალევე, 8 იანვარს გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მუტე ეგედე. 

"ჩვენ სრულად ვაღიარებთ, რომ გრენლანდიას საკუთარი ამბიციები აქვს. თუ ისინი მატერიალიზდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი, თუმცა ნაკლებად იმ ამბიციით, რომ გახდეს აშშ-ს ფედერალური შტატი". - თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა გრენლანდიის შესყიდვის საკითხი თავდაპირველად პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს დააყენა. მან 2019 წელს დანიაში ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი გააუქმა, როდესაც დანიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ გრენლანდიის ავტონომიური ტერიტორია არ იყიდებოდა.

კომენტარები