ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

REUTERS

ქართული ოცნების ახლად არჩეული ე.წ. პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიუხედავად, "ძალიან კარგად" არის.

"ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, ყოველგვარი კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო". - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

30 დეკემბერს ტვ იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებდა. მოგვიანებით, იმავე დღეს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ ახლად შემოღებულ თანამდებობაზე სწორედ ივანიშვილი აირჩია. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების" გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით მიიღო

"ხაზი მინდა გავუსვა, რომ როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, მე ვიქნები გუნდის მთავარი მრჩეველი. ჩემი სურვილი არაა, შევითავსო პარტიის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილებები, რომელიც შესანიშნავად ახორციელებს პარტიის მენეჯმენტს და მომავალშიც ის შეასრულებს პარტიის მართვის ფუნქციას". - აღნიშნა ივანიშვილმა. 

კომენტარები