ოკუპირებული აფხაზეთი

საგარეო ბიჭვინთაზე: ნებისმიერი მსგავსი ე. წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია

kvira.ge

სააგრეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ, რუსეთის ფედერაციისთვის  ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ.  შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და  რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

"საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. შესაბამისად აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის იჯარით გადაცემას.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს, 27 დეკემბერს გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.

26 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა. 

2022 წლის 19 იანვარს მარიონეტულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა ე.წ. შეთანხმება ბიჭვინთის ტერიტორიაზე მყოფი ობიექტების მოსკოვისთვის გადაცემაზე. ხელშეკრულება რატიფიცირებული ჯერჯერობით არაა.

ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს.

გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ განიხილებოდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა.

2022 წელს ბჟანიამ ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობაც გამოთქვა. რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის კომპლექსი 1958-61 წლებში შენდებოდა, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის განკარგულებით.

კომენტარები