ცხოველის წამება

ბაღდათიდან გადმოყვანილი მიუსაფარი ძაღლი ოპერაციიდან 2 დღეში მოკვდა

ვეტკლინიკაში მოკვდა მიუსაფარი ძაღლი, რომელიც ბაღდათიდან თბილისში გადმოიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს, თუმცა, გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ცხოველს თავის არეში ჰქონდა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობა. სწორედ ამან გამოიწვია პირის ღრუდან სისხლდენა. ძაღლს ოპერაცია, თავის ქალის დეკომპრესიული ტრეპანაცია ჩაუტარდა. პროცესში ვეტერინარებთან ერთად, ნეიროქირურგიც იყო ჩართული. 

დაშავებული ძაღლი ბაღდათიდან თბილისში 24 დეკემბერს გადმოიყვანეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები