ცხოველის წამება

პიროტექნიკა გამოირიცხა, თავის ქალის მძიმე ტრავმაა – ექიმი ბაღდათიდან გადმოყვანილ ძაღლზე

დაშავებული ძაღლი
Facebook/Misha Katchkatchishvili

მძიმეა მიუსაფარი ძაღლის მდგომარეობა, რომელიც ბაღდათიდან თბილისში გადმოიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს, თუმცა, გამოკვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ცხოველს ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობა თავის არეში. სწორედ ამან გამოიწვია პირის ღრუდან სისხლდენა. ამ ეტაპზე ძაღლს ოპერაციას, თავის ქალის დეკომპრესიულ ტრეპანაციას უტარებენ. პროცესში ვეტერინარებთან ერთად, ნეიროქირურგიც არის ჩართული.

"ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შევძლოთ გადარჩენა, სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ბლაგვი საგნით არის მოიყენებული თავის არეში ჭრილობა, გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება, იმიტომ, რომ არ არის დამწვრობა პირის ღრუში - კბილი, ენა, სასა არის მთელი. შემოწმების შედეგად დავსვით დიაგნოზი, რომ არის თავის ქალის მძიმე ტრავმა" - ამბობს  მთავარ არხთან საუბარში ქირურგის ასისტენტი, კონსტანტინე ჯგუშია.

დაშავებული ძაღლი ბაღდათიდან თბილისში გუშინ, 24 დეკემბერს გადმოიყვანეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები