ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისის ადვოკატი: ლაზარე დუმილს დაარღვევს და ჩვენებას ბოლო პროცესზე მისცემს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის თქმით, ბრალდებული აპირებს დუმილის უფლების დარღვევას და სასამართლოს ჩვენებას ბოლო პროცესზე მისცემს. როგორც ადვოკატი ამბობს, სხდომები 15 იანვარს დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. 

"ბრალდების მხარის არცერთი მოწმე აღარ დაიკითხება პროცესზე, 2024 წლის 15 იანვარს გაგრძელდება დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით, რომელიც ამოიწურება დაახლოებით ერთ პროცესში და ორ-სამ პროცესში დავამთავრებთ უკვე სასამართლო სხდომის განხილვას. 

ლაზარე აუცილებლად მისცემს ჩვენებას, დაარღვევს დუმილის უფლებას, ბოლო პროცესზე" - თქვა ბითაძემ. 

გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, ლაზარეს მიერ InterPressNews-ისთვის გაგზავნილი წერილი TV Imedi-მა გააშუქა, როგორც ბრალის აღიარება. მისივე ინფორმაციით, დღეს ეს წერილი სასამართლოზე წარმოდგენილი იყო, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულება. 

"დღეს ბრალდების მხარემ წარმოადგინა ახალი მტკიცებულება. ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა მედიაში. ეს არის ლაზარე გრიგორიადისის წერილი პენიტენციური დაწესებულებიდან, რომელიც არის ცინიზმით დაწერილი. ბრალდების მხარე ცდილობდა, წარმოედგინა, როგორც ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, თითქოსდა ის აღიარებს დანაშაულს. მოცემულ წერილში კარგად წერია, რას აღიარებს, როგორ აღიარებს და რა ფორმით - იუმორით არის ნამდვილად დაწერილი. 

დეზინფორმაცია არ გავრცელებულა, მართლა გამოუგზავნა წერილი IPN-ს, არასწორად იყო ამოღებული მონაკვეთები TV Imedi-ს მიერ, "მე ვისროლე მოლოტოვი, ჰი, ჰი, ჰი" - ეს ნიშნავს აღიარებას? ბრალის აღიარება აუცილებლად უნდა იყოს სასამართლოში" - ამბობს ადვოკატი. 


ლაზარე გრიგორადისის დედა, თამთა კალანდაძე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ლაზარეს დანაშაული არ უღიარებია. ის მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

Interpressnews-მა ლაზარე გრიგორიადისის ინტერვიუ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, ლაზარემ მათ კითხვებზე პასუხები გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან მისწერა. 

ბრალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, რაც პოლიციელის მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ეხებოდა, ლაზარეს პასუხის დროს, თავდაპირველად, IPN-ს ციტატაში არ ეწერა “ჰიჰიჰი, უდანაშაულობის პრეზუმფცია”… და ციტატა შემდეგნაირად იყო ჩასმული: "მე ვისროლე „მოლოტოვი“. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ. მოგვიანებით კი, IPN-მა ეს ციტატა ჩაასწორა და ლაზარეს პასუხი შემდეგნაირად დაწერა: "„მე ვისროლე „მოლოტოვი“ ჰი, ჰი, ჰი. როგორც ჩანს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ არის საკმარისი. მობრძანდნენ ჩემთან დაზარალებულები, „ლევომეკოლს“ წავუსვამ და „babuska boi”-ს მოვასმენინებ.

ასევე, IPN-ის ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა Facebook-ზე ქარდი გამოაქვეყნა, რომელზეც ეწერა: "გრიგორიადისი აღიარებს, რომ მოლოტოვის კოქტეილით პოლიციელს ცეცხლი წაუკიდა, თუმცა, ჩადენილს არ ნანობს".

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

კომენტარები