პიტბულის მიერ დაკბენილი ბავშვი

ოზურგეთში პიტბულმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა - 2 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

Facebook/ ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში

გურია ნიუსის ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მიუსაფარმა ძაღლმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაკბინა. მათგან უფროსის, 5 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი 2 წლის ძმის მდგომარეობა მძიმეა.

სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული მცირეწლოვანი თავდაპირველად ქუთაისში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. მას ოპერაცია იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდება.

როგორც ადგილობრივები მედიასთან საუბრისას აღნიშნავენ, უმცროსმა ბიჭმა დაზიანებები თავის არეში მიიღო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ცხოველთა პოპულაციის ცენტრი ოზურგეთში ავრცელებს, სადაც დაზუსტებულია, რომ თავდამსხმელი ძაღლი პიტბულის ჯიშისაა. 

აქვე, ცენტრი უარყოფს ადგილობრივთა მტკიცებას ძაღლის მიუსაფრობის შესახებ და წერს, რომ სავარაუდოდ, ძაღლი ოჯახში ახლახან მოიყვანეს, ან ის არასათანადო პირობებშია გაზრდილი.

"ძაღლმა, რომელმაც დაკბინა ბავშვები, გადმოყვანილია ჩვენთან!

მისი აყვანა მოხდა ეზოს შიდა ტერიტორიაზე, მაგრამ ოჯახი აცხადებს, რომ ცუგა არის უსახლკარო [...]

იმის მიუხედავად, ოჯახი ამბობს, რომ ეს არ არის მათი ძაღლი. აქვე აღვნიშნავ, ეს არ გავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილს, სავარაუდოდ, ცუგა ან ახალ გადმოსმულია, ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა!

საქართველოში გავრცელებული არასწორი აღზრდის და წვრთნის შემდეგ მათში ხორციელდება აგრესია და არასათანადოდ რეაგირებენ ადამიანებზე". - ვკითხულობთ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ Facebook პოსტში.

კომენტარები