ირანი

ირანმა ისრაელის მოსადის აგენტი სიკვდილით დასაჯა – ირანის სამთავრობო მედია

ირანის სპეცრაზმი თეირანის ქუჩებში, 2022 წლის 3 ოქტომბერი
West Asia News Agency

ირანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, შაბათს, 16 დეკემბერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე სისტანი-ბალუჩესტანის პროვინციაში ისრაელის სადაზვერვო სამსახურის, მოსადის აგენტი სიკვდილით დასაჯეს.

"ეს ადამიანი დაუკავშირდა უცხოურ სამსახურს, კონკრეტულად, მოსადს, აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას და თანამზრახველების მონაწილეობით, დოკუმენტებს უცხოურ სამსახურებს, მათ შორის, მოსადს აწვდიდა". - იუწყება სააგენტო.

მედიას აღნიშნული პიროვნების ვინაობა არ გაუსაჯაროებია. ასევე უცნობია, როდის დააკავეს ის, თუმცა, IRNA-ს ცნობით, მას "ისლამური რესპუბლიკის მოწინააღმდეგე ჯგუფებისა და ორგანიზაციების სასარგებლოდ პროპაგანდა" ედებოდა ბრალად და სასჯელთან დაკავშირებით ბრალდებულის საჩივარი უარყვეს.

სიკვდილით დასჯას ერთი დღით წინ უსწრებდა პროვინციის პოლიციის განყოფილებაზე სუნიტი ბელუჯი ბოევიკების თავდასხმა, რასაც უსაფრთხოების 11 თანამშრომელი ემსხვერპლა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისინი ქალაქ რასკში დაკრძალეს. მომხდარი შეტაკებების შედეგად ასევე დაიღუპა ბელუჯების სამხედრო დაჯგუფების, ჯაიშ ალ-ადლის ორი მებრძოლი.

გაღატაკებული სისტანი-ბალუჩესტანის პროვინცია, რომელიც ავღანეთსა და პაკისტანს ესაზღვრება, სუნიტ ბოევიკებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ხშირი შეტაკებების ადგილია. პროვინციაში ძირითადად სუნიტი მუსლიმები ცხოვრობენ, მაშინ, როცა ირანელების უმეტესობა შიიტია.

კომენტარები