ჩეჩნეთი

კადიროვი შვილის მიერ პატიმრის ცემაზე: რისთვის დავსაჯოთ? კარგი იქნებოდა, მოეკლა

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავისი შვილის მიერ ყურანის დაწვაში ბრალდებული პატიმრის ცემის ფაქტს. ამჯერად მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე პირდაპირი ეთერის რეჟიმში გამართული კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრა.

კადიროვმა აღნიშნა, რომ საკუთარი შვილი პატიმრის ცემისთვის დასჯას "პატივად მიიჩნევდა".

კადიროვის თქმით, რადგან სასამართლომ ადამის დასჯის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს არც ჩეჩნეთის მთავრობამ უნდა ქნას.

"რისთვის დავსაჯოთ? იმისთვის, რომ მან სცემა აგენტს, ადამიანს, რომელმაც ყურანი დაწვა? კარგი იქნებოდა, რომ მოეკლა". – თქვა კადიროვმა.

ნიკიტა ჟურავიელი 2023 წლის მაისში, ვოლგოგრადში დააკავეს. მას ბრალად ედება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლი მიიღო და სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რისი ვიდეო გადაიღო კიდეც. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. ვიდეო შემდეგში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ჟურავიელი დაკავების შემდეგ ჩეჩნეთში მდებარე წინასწარ დაკავების იზოლატორში გაგზავნეს, რაც საგამოძიებო კომიტეტმა ამ რესპუბლიკის მაცხოვრებლების "მრავალი მიმართვის" შემდეგ გადაწყვიტა. სამართალდამცავი ორგანოს მტკიცებით, ჩეჩნები ითხოვდნენ, რომ ისინი დაზარალებულებად ეღიარებინათ.

16 აგვისტოს რუსეთში ადამიანის უფლებათა კომისარმა, ტატიანა მოსკალკოვამ თქვა, რომ ჟურავიელი ჩიოდა გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდებული ამბობდა, რომ მას ფიზიკურად 15 წლის ადამ კადიროვი გაუსწორდა. ის ჩეჩნეთის ომბუდსმენს, მანსურ სოლტაევს შემოწმების ჩატარებას სთხოვდა.

25 სექტემბერს კი რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენები იყო თუ როგორ სცემდა მისი შვილი ყურანის დაწვაში ბრალდებულ პატიმარს. "სცემა და სწორადაც მოიქცა", - წერდა კადიროვი.

პატიმრის ცემის შემდეგ ადამ კადიროვი 8 სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვეს. ის ასევე დანიშნეს საკუთარი მამის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურად და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორად.

კომენტარები