რუსეთი-საქართველო

რუსეთმა შესაძლოა საქართველო "მეგობრული" ტურისტული ქვეყნების სიაში შეიყვანოს

Reuters

რუსეთის სახელმწიფო დუმაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც დსთ-ს რიგი ქვეყნების მიმართულებებით სპეციალიზებული ტუროპერატორებისთვის ფინანსურ შეღავათებს ითვალისწინებს. დოკუმენტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემა Парламентская газета განმარტავს, საუბარია სარეზერვო ფონდში მინიმალური შენატანისა და სადაზღვევო გადასახადის შემცირებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნახსენებია დსთ-ს ქვეყნების შესახებ ფორმულირება. კანონპროექტის ტექსტში კი წერია, რომ ქვეყნების სიას მთავრობა დაამტკიცებს.

როგორც ადგილობრივი ტურისტული პორტალები TourDom.ru და Profi.Travel-ი წერენ, "მეგობრული" ქვეყნების სია უკვე შეთანხმებულია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. გამოცემების ვერსიით სიაში შედიან ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველო და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რესპუბლიკები.

კანონი ძალაში, სავარაუდოდ, 2024 წლის 1 აპრილიდან შევა.

კომენტარები