ევროპული საქართველო

კირთაძე: ლელოს პენსიის გასაზრდელად საჭირო 7 მილიარდს ჩიტი მოუტანს?

პარტია ლელოსა და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური დაპირება, რომელიც პენსიების 1 000 ლარამდე გაზრდაში მდგომარეობს, არსებული საპენსიო ხარჯების გასამმაგებას გამოიწვევს, რაც რიცხვებში, დაახლოებით, დამატებითი 7 მილიარდი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზების საჭიროებას გააჩენდა. იმისთვის, რომ ასეთი "ხელგაშლილი" დაპირება საარჩევნო პოპულიზმად არ ჩაითვალოს, ნათელი უნდა იყოს, თუ რა გზებით მოხდებოდა ბიუჯეტის საგრძნობლად გაზრდილი ხარჯების დაფინანსება - თავისუფლების ქარტიის უგულებელყოფით, გადასახადების გაზრდის გზით, თუ არსებული ხარჯების შეკვეცა/გაუქმებით. აპირებს ლელო დღგ-ს, საშემოსავლო გადასახადისა დ.ა.შ. გაზრდას, თუ რომელ პოზიციებს გააუქმებს, რომ დანაზოგი საპენსიო ვალდებულებების შესრულებისთვის გამოიყენოს?

ეს კითხვა განსაკუთრებით იმის ფონზეა აქტუალური, რომ ლელო, მაგალითად, ჯანდაცვის, თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში არათუ ხარჯების შემცირებას, არამედ, პირიქით, ზრდას აანონსებს. მაშინ საიდან ეს ფინანსები? ჩიტი მოიტანს თუ ივანიშვილი გვაჩუქებს?

ზოგადად კი, ახლა უკვე ჩანს, თუ რამდენად დამაზიანებელია მსგავსი ტიპის პოპულიზმი, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიებიც მისდევენ და რომელიც, რეალურად, ძალიან მფლანგველ მმართველ ძალას ასეთი ალტერნატივების შემხედვარე ფისკალური კონსერვატიზმის მიმდევარ, სოლიდურ მეურნედ წარმოაჩენს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას. ხაზარაძის თქმით, მათი პრიორიტეტი იქნება, რომ პენსია 1 000 ლარამდე გაიზარდოს.

კომენტარები