რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

СБУ: პოროშენკო ორბანს უნდა შეხვედროდა, რასაც რუსეთი პროვოკაციად გამოიყენებდა

ვიქტორ ორბანისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრა 2017 წელს
miniszterelnok.hu

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (СБУ) ამბობენ, რომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს უკრაინის დატოვების უფლება არ მიეცა, რადგან ის უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრას აპირებდა, რასაც, უწყების მტკიცებით, რუსეთი პროვოკაციად გამოიყენებდა.

განცხადების მიხედვით, СБУ-მ და სადაზვერვო ორგანოებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე პროვოკაცია მზადდებოდა. უწყებაში ამბობენ, რომ მიმართეს პრეზიდენტის ოფისს, მინისტრთა კაბინეტსა და უმაღლეს რადას, გაეთვალისწინებინათ მოპოვებული ინფორმაცია. ამის შემდეგ უმაღლესმა რადამ პოროშენკოს ქვეყნის დატოვების ნებართვა არ მისცა.

როგორც უსაფრთხოების უწყებაში ირწმუნებიან, ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ოპერაციის ფარგლებში გარკვეულ პოლიტიკოსებს უნდა ეცადათ შეეცვალათ უკრაინის პარტნიორი ქვეყნების განწყობები და ხელი შეეწყოთ ომის გაყინვის პირობებზე საუბრის წამოწყებისთვის.

"რუსული სპეცსამსახურების ჩანაფიქრით, უნდა ჩატარებულიყო ფართომასშტაბური ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური სპეციალური ოპერაცია, რომელსაც უნდა შეეცვალა ანტირუსული კოალიციის პარტნიორი ქვეყნების განწყობა და წაექეზებინათ უკრაინული პოლიტიკური ფენა რუსეთის ფედერაციასთან ომის გაყინვის პირობებზე მოლაპარაკებების საჭიროებებზე ნარატივების გაღვივებაში.

რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები გეგმავდნენ ამ განცხადებების აქტიურ მხარდაჭერას უცხო სახელმწიფოების პრორუსული პოლიტიკური ძალების მეშვეობით.

მტრის გეგმებს შორის იყო ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ სპეციალურ ოპერაციაში ჩართულიყვნენ ცალკეული უკრაინელი პოლიტიკოსები, მესამე ქვეყნებში მათი ვიზიტების დროს". – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

СБУ-ს განცხადებაში ირწმუნებიან, რომ, შესაძლოა, სწორედ ამ მიზნებისთვის იგეგმებოდა პოროშენკოსა და ორბანის შეხვედრა.

"მოპოვებული კონტრდაზვერვის მონაცემების მიხედვით, შესაძლოა სწორედ ამ კონტექსტში იქნას განხილული ინფორმაცია პარტია ევროპული სოლიდარობის თავმჯდომარის, პეტრო პოროშენკოს დაგეგმილი შეხვედრა პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც სისტემურად გამოხატავს ანტიუკრაინულ პოზიციას, არის "პუტინის მეგობარი" და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სანქციები მოუხსნან.

რუსეთის ფედერაცია გეგმავდა ეს შეხვედრა (როგორც შიდა პოლიტიკოსების სხვა "სამუშაო შეხვედრები" სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ავრცელებენ პრორუსულ ნარატივებს) უკრაინის წინააღმდეგ საკუთარი ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური სპეციალური ოპერაციის ფარგლებში გამოეყენებინათ". – ნათქვამია განცხადებაში.

პოროშენკოს პარტია უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს გამოეხმაურა. ევროპულ სოლიდარობაში ხაზს უსვამენ, რომ ბუდაპეშტს აქვს უფლება ვეტო დაადოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

"ტყუილად წვალობენ ისინი, ვინც ახლა ცდილობენ გაამართლონ საკუთარი უარი უნგრეთის მიმართულებით პეტრო პოროშენკოს ვიქტორ ორბანთან არსებული ყოფილი კონტაქტების გამოყენებაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ 14-15 დეკემბერს ბრიუსელში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროპული საბჭო გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას, რაზეც ბუდაპეშტს ვეტოს უფლება ექნება.

პეტრო პოროშენკოს რომ ჰქონოდა დახმარების შესაძლებლობა, საკუთარი პირადი პოზიტიური გამოცდილებითა და კონტაქტებით, რათა ეს გადაწყვეტილება დადებითი ყოფილიყო, განსაკუთრებით უკანასკნელი განცხადებების ფონზე, ის ამას გააკეთებდა. ღალატის გარეშე, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით". – ნათქვამია ევროპული სოლიდარობის განცხადებაში.

აქამდე პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ მას არ მისცეს პოლონეთსა და აშშ-ში ვიზიტის უფლება და ამას "ანტიუკრაინული დივერსია" უწოდა.

კომენტარები