რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი აპირებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელი "ერთგულების შეთანხმებაზე" მოაწერინოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავო ოფისი მოსკოვში
MAXIM SHEMETOV/REUTERS

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი "ერთგულების შეთანხმების" შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაავალდებულებს თავი შეიკავონ მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკისგან, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციისაგან და "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" საწინააღმდეგო განცხადებებისაგან. 

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, კანონპროექტით ყველა უცხოელი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შევა, ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, რომელიც მათ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის უფლებას შეუზღუდავს. მიღების შემთხვევაში, კანონი ასევე აკრძალავს როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, ისე პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების "დისკრედიტაციასაც". 

ამასთანავე, კანონპროექტი მოიცავს შეზღუდვებს მორალის, ოჯახისა და "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" საკითხებზე. აიკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ "ისტორიული სიმართლის დამახინჯება, საბჭოთა კავშირის ხალხის როლის უგულებელყოფა სამშობლოს დაცვასა და ფაშიზმზე გამარჯვებაში". 

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ რუსეთმა დაამტკიცა კანონი რუსული ჯარის დისკრედიტაციის აკრძალვის შესახებ. აღნიშნული კანონის საფუძველზე წარდგენილი ბრალით მრავალი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერები და სამოქალაქო პირები დააკავეს.

კომენტარები