ეროვნული ბანკი

სებ: ბანკებს უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 25%-დან 20%-მდე უმცირდებათ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის განაკვეთის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე მცირდება. სებ-ი გადაწყვეტილებას გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შემსუბუქებით ხსნის. 

სარეზერვო მოთხოვნის ცვლილებით ეროვნულ ბანკს სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგალითისთვის, სარეზერვო ნორმის შემცირება კომერციულ ბანკებს რეზერვების შემცირებისკენ უბიძგებს, რაც ბანკებს სესხის გაცემას შედარებით უიაფებს და შედეგად, გამოთავისუფლებული რესურსის ხარჯზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება. ეს კი საბოლოოდ ადამიანების მიერ სესხების აღების რაოდენობის ზრდას იწვევს. 

ამ შემთხვევაში, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნის შემცირების პარალელურად, მომხმარებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხის აღება გაიაფდება, რაც მაღალი ალბათობით ამ ტიპის ვალუტაში აღებული სესხების ზრდას გამოიწვევს. 

სარეზერვო ნორმის ცვლილებასთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბანკებისთვის კონტრციკლური ბუფერის დაგროვების ვადა 2027 წლის 15 მარტამდე გადაწიოს. 

"ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25%, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5%, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75%, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1%". - აღნიშნავს სებ-ი. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სწორედ ამ მიზეზით გასულ თვეს სებ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირებმა, რომელთა სასესხო ვალდებულებები 300 ათას ლარამდეა, ახალი სესხების აღება მხოლოდ იმ ვალუტაში შეძლონ, რომელშიც შემოსავალს იღებენ.

კომენტარები