დავით ხიდაშელი

გაუქმდა ლიცენზია, რომლითაც ხიდაშელის კომპანიას რაჭის ტყე 49 წლით გადაეცემოდა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობაზე გაცემული ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ბრძანებით ხდება ცნობილი. 

კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად 49-წლიანი ლიცენზია აუქციონში გამარჯვების შედეგად 2022 წლის 23 მარტს მიიღო, თუმცა, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ის ძალადაკარგულად გამოცხადდა. 

"კომპანიის მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ  მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები;  დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც  მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.  განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო". - წერს სააგენტო.

გასულ წელს სახელმწიფომ 104 712 ჰექტარი ტყის ფართობი, რომელიც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის, ამბროლაურისა და ლენტეხის სატყეო უბნების ტერიტორიას მოიცავდა 49 წლის ვადით სამონადირეო მეურნეობის განვითარების პირობით აუქციონის გზით გასაყიდად გაიტანა. აუქციონში ხიდაშელის კომპანიამ 1 151 832 ლარის ოდენობის შეთავაზებით გაიმარჯვა. აუქციონის პირობები გამარჯვებული კომპანიის მიერ სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5  წლის განმავლობაში, არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას მოიცავდა. 

HG Capra Caucasica რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან, დავით ხიდაშელთან დაკავშირებული კომპანიაა. ხიდაშელი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ რუსულ საინვესტიციო კორპორაცია Sistema JSFC-ში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან დაკავშირებული არაერთი პირი იკავებს წამყვან თანამდებობებს. 

დავით ხიდაშელი არის ბიზნესმენი, რომელიც ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეა. მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკა, რასაც მოჰყვა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება.

კომენტარები