არჩევნები 2024

ირაკლი კობახიძე: არაელექტრონული პირადობებით ხმის მიცემაზე ინიციატივას მხარს დავუჭერთ

ქართული ოცნება

24 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტია არაელექტრონული პირადობებით არჩევნებში მონაწილეობაზე ინიციატივას მხარს დაუჭერს.

"დღეს მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებს საერთოდ არ აქვთ ხმის მიცემის უფლება. მაშინ, როდესაც არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმურად არაელექტრონული პირადობის მოწმობები. რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც ევროპელი სოციალისტების მიერ არის წარმოდგენილი, ეს ინიციატივა ანიჭებს არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებსაც ხმის მიცემის უფლებას. რაც უნდა დარჩეს ასე. ანუ ჩვენ ამ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ოღონდ ამასთან ერთად, რაზე შევჯერდით - ეს არის პრინციპული - ყველა ის პირადობის მოწმობა გაუქმდება, რომელიც გაიცა 2011 წლამდე, შესაბამისად, არაელექტრონული პირადობის მოწმობა, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა, პრაქტიკაში დარჩება მაქსიმუმ 500 - ამაზე შევჯერდით ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად". - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

18 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ, რომლის ავტორიც დეპუტატი ფრიდონ ინჯიაა. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ელექტრონული პირადობის მოწმობები აქვთ.

ინჯიას მიერ წარდგენილ კანონპროექტში წერია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ნაცვლად პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის) და/ან პასპორტისა, მოქმედი არაელექტრონული პირადობის მოწმობა აქვთ.

აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს  პარლამენტმა პირველი მოსმენით, 11 ნოემბერს, მხარი დაუჭირა.

კომენტარები