ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

Reuters: ერაყსა და სირიაში აშშ-ს ძალებს რამდენიმე საათის განმავლობაში 4-ჯერ დაესხნენ თავს

ამერიკელი სამხედროები Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანით სირიაში პატრულირებენ, 2021 წელი.
Baderkhan Ahmad/Associated Press

სააგენტო Reuters-ი ანონიმურ ამერიკელ სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ერაყსა და ირანში აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს რაკეტებითა და დრონებით ხუთშაბათს, 23 ნოემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში ოთხჯერ დაესხნენ თავს, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-სა და საერთაშორისო ძალებს თავს დაესხნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ორ ლოკაციაზე რამდენიმე რაკეტითა და დრონით.

ერაყში კი რამდენიმე დრონი გაუშვეს ბაღდადის დასავლეთით, აინ ალ-ასადის საავიაციო ბაზაზე და დრონი - ჩრდილოეთით, ერბილის აეროპორტის მახლობლად, ლოკაციებზე, სადაც აშშ-ს შეიარაღებული ძალები იყვნენ განთავსებული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფება ისლამურმა წინააღმდეგობამ, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, ერაყში ირანის მოკავშირე შეიარაღებულ დაჯგუფებებს აერთიანებს.

თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მ ბაღდადის სამხრეთით პროირანულ შეიარაღებულ დაჯგუფებას დაარტყა, რომლის შედეგადაც, დაჯგუფების ცნობით, დაჯგუფების რვა წევრი დაიღუპა.

თავდასხმა დაგმო ერაყის მთავრობამ, როგორც ესკალაცია და სუვერენიტეტის დარღვევა.

7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რეგიონში ამერიკულ ბაზებზე იერიშები გახშირდა. პროირანული დაჯგუფებების თქმით, აშშ-ს ბაზებზე იერიშები ამერიკის მხრიდან ომში ისრაელის მხარდაჭერის საპასუხოდ ხორციელდება.

ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში ორი ავიამზიდი და დამატებით 2 000 საზღვაო ქვეითი გაგზავნა, ხოლო 5 ნოემბერს რეგიონში ბირთვული წყალქვეშა ნავების განთავსება დააანონსა.

კომენტარები