საქართველოს პარლამენტი

არ ვსვამ, ვვარჯიშობ – მგალობლიშვილი კითხვაზე, ნასვამი იყო თუ არა პარლამენტში დაპირისპირებისას

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას კითხვაზე, გასულ დღეს პარლამენტში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისას იყო თუ არა ნასვამი, აღნიშნა: 

"მე არ ვსვამ, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ვვარჯიშობ და ძალიან იშვიათი გამონაკლისებისას".

მგალობლიშვილმა ასევე თქვა, რომ ეს იყო "უზრდელობა თავხედობა, ტუტუცობა, რაც ქალს არ შეშვენის".

"მეც შეიძლება ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, ნუ, გამომიწვიეს. ეს კარგად გამოსდით სხვათა შორის". - თქვა მან. 

კითხვაზე, აპირებს თუ არ ბოდიშის მოხდას, მგალობლიშვილმა თქვა: "მოიხადოს თვითონ [ბოკუჩავამ] ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის და მეც მოვიხდი"

გასულ დღეს, 17 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან მგალობლიშვილმა ჯერ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და ფრაქციის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მიმართა - "ნაბიჭვარო, წესიერად…შენ ხარ უზრდელი:, შემდეგ კი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს, მიკროფონი მოუქნია. საპასუხოდ, წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.

სხდომაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობდა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რასაც თინა ბოკუჩავამ "ტყუილი" უწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

კომენტარები