ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: "ორიენტაციაარეული" შეურაცხმყოფელია, არეული არავინაა, ყველა ჩამოყალიბებულია

დიდად არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ღარიბაშვილის და კობახიძის დამოკიდებულება ყველაფერს ხსნის. თან პროკურორმა აშკარად "ჭამა” კობახიძის ნარატივი, შევატყვე სასამართლოზე.

რადგან სასამართლო ახარვეზებს ჩვენს სარჩელს ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ, მე მინდა გავცე ორივეს პასუხი: ვიცი, რომ აგეწვათ ყველას, მარტში თქვენი მიღებული კანონის უკან გაწვევა რომ მოგიწიათ. ისიც ვიცი, რა დამოკიდებულება გაქვთ უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების მიმართ. თქვენ არ იცავთ მათ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას… ირაკლი, დიდი ალბათობით ჩემზე გინდოდა, გეთქვა, განსხვავებული ორიენტაციის მქონე, ჰომოსექსუალი, გეი ან ბისექსუალიაო და თან ამით რეპუტაციული ზიანის მოყენება გინდოდა.

ფორმულირება "ორიენტაციაარეული“ არის შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება. ამით მხოლოდ მე კი არ მაყენებ შეურაცხყოფას, არამედ თითოეულ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირს. არეული არავინ არის. ყველა ჩამოყალიბებულია. არც ის არის სწორი, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებდე კრიმინალურ ქმედებას და სექსუალურ ორიენტაციას შორის.

"ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა” - ამაზე პრიმიტიული განცხადება ჯერ არ მსმენია. ორიენტაცია თითქმის ყველაფერში არსებობს, პოლიტიკური, გემოვნების… მე შენ იმის ახსნას ვერ დაგიწყებ, ინდივიდი რას ნიშნავს. წესით ეგ უნდა იცოდე და აჯობებს, შენს განცხადებებსაც თუ შეეტყობა, რა იცი. უდანაშაულობის პრეზუმფციის ხელყოფის ფაქტზე არ ვისაუბრებ, მეზარება.

"[პოლიციელების] ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა” - მოქმედებით ვარ ბინძური ირაკლი, თუ ჰიგიენის თემაში?

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი რადიო თავისუფლების კითხვაზე - "ბევრჯერ და ბევრმა თქვა, რომ შენ ხარ კარგად შერჩეული მსხვერპლი სახასიათო გარეგნობის, ტატუების, გვარის და წარსულში ნასამართლეობის გამო - შენ თუ გიფიქრია მაგაზე?".

ლაზარე გრიგორიადისმა ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მასზე გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.

კომენტარები