საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 20.4 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამავე ინფორმაციით, რეალური მშპ-ს ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2022 წელს 9.1% იყო. წლიური დეფლატორი არის ფასების ინდექსი, რომელიც ასახავს ბოლო ერთ წელიწადში საშუალოდ რამდენით გაძვირდა ადგილობრივი წარმოების მომსახურება/საქონელი.

საქსტატის გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მშპ-ს დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.9%) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.3 %).
დარგობრივი სტრუქტურების მიხედვით შემდეგი პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0%),
- მშენებლობა (8.0%),
- სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9%),
- ტრანსპორტი და დასაწყობება (6.4%),
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.4%),
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (5.0%),
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.7%),
- განათლება (4.5%).
2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (59.1%), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (10.8%).
სხვა დარგები:
- ტრანსპორტი და დასაწყობება (24.7%),
- მშენებლობა (16.5%),
- დამამუშავებელი მრეწველობა (10.5%)
- ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (29.3%),
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (14.6%).
ამავე დროით პერიოდში კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7%).