უნგრეთი

უნგრეთი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გასაკონტროლებლად ახალი უწყების შექმნას აპირებს

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრული უფლებადამცველი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ მმართველი პარტია ფიდესის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ახალი სახელმწიფო სამსახურის, რომელიც "სახელმწიფო სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს" გამოიძიებს, შექმნის  შესახებ. ორგანიზაციების პოზიციით, ცვლილება დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების წნეხის ქვეშ მოქცევას ისახავს მიზნად.

პარალელურად, უნგრეთის მმართველი პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონის მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების, მედიებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროს კონტროლია, რომლებიც მათი თქმით, მითითებებს ვაშინგტონიდან ან/და ბრიუსელიდან იღებენ. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს უნგრეთმა მიიღო ანტი-NGO კანონი, რომლის მიზანიც, მთავრობის მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კანონი უნგრელების უფლებებს არღვევდა. 

სამართლებრივი და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადებით მას გარე ძალები ებრძვიან. "მათ ღიად განაცხადეს, რომ სურთ მთავრობის შეცვლა უნგრეთში, ამისთვის კორუფციული გზებით აფინანსებენ უნგრეთის ოპოზიციას. ისინი [სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიცია] ფინანსდება ბრიუსელიდან ან სოროსის ქსელის გავლით" – თქვა ორბანმა თავის განცხადებაში 

უნგრეთის დამოუკიდებელი მედიის Telex წარმომადგენლების თქმით "სახელმწიფო სუვერენიტეტის საფარ ქვეშ ორბანის მთავრობამ ომი გამოუცხადა კრიტიკულ მედიას".

კანონპროექტს კრიტიკულად აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც, უნგრეთის სამოქალაქო უფლებების გაერთიანების დირექტორის სტეფანია კაპრონზეს თქმით, "პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური დაფინანსების მიღება სამართლიანადაა აკრძალული, თუმცა ჩვენ ვშიშობთ, რომ ახალი კანონმდებლობა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს შეზღუდოს საჯარო ცხოვრება და საფრთხეს შეუქმნის თავისუფალი მედიის მუშაობას" 

ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრებით, სუვერენიტეტის დაცვის კამპანია ამომრჩეველთა ყურადღების გადასატანადაა შექმნილი და ახალ სახელმწიფო უწყებას მნიშვნელობა გაცხადებული მიზნების მიღწევაში მცირე იქნება. 

"ჩვეულებისამებრ, ფიდესი იწყებს დაყოფის კამპანიას, რითაც ამომრჩევლის ყურადღება რეალური პრობლემებიდან, ისეთი როგორებიცაა: ინფლაცია, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება,  ამომრჩეველს ყურადღება გადაატანინოს ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე. თუ ხელისუფლება გულწრფელია, მათ უნგრეთის სუვერენიტეტის დაცვა მოსკოვსა და პეკინთან მათ მიერ ჩამოყალიბებული ურთიერთობების გადახედვით უნდა დაიწყონ", – ამბობს მარტომ ტომპოსი უნგრეთის პარლამენტის ოპოზიციური პარტია Momentum წევრი. 

კომენტარები